სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე უძღვებოდა.
კომისიამ იმსჯელა საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირებას ეხება.
ცვლილება განსაზღვრავს, როგორ უნდა განიკარგოს ის ქონება, რომელიც უნებართვო გარე ვაჭრობის შედეგად კონფისკაციას ექვემდებარება.
კომისიამ ასევე განიხილა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმა.
საკითხები დეპუტეტებს მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ბეჟუაშვილმა და არქიტექტურის სამსახურის იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან კანდელაკიშვილმა გააცნეს.
სხდომაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქალაქში არსებული დაუმისამართებელი ქუჩების საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს. კომისიის თავმჯდომარემ გიგა კიკვაძემ დეპუტატებს სამუშაო ჯგუფის მიზანი და შემადგენლობა გააცნო.
კომისიის სხდომაზე განხილული ყველა საკითხი დადებითად შეფასდა და ბიუროს გადაეცა.




