რუსთავში მორიგი ახალგაზრდული პროექტი იწყება

რუსთავში, ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, მორიგი პროექტი – „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ იწყება.

სიახლე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილს და მაჟორიტარ დეპუტატებს ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის დირექტორმა ანელი ჩხარტიშვილმა გააცნო.

სამუშაო შეხვედრაზე, პროექტის მიზანზე და განხორციელების ეტაპებზე ისაუბრეს. მამუკა რეხვიაშვილმა, იდეის ავტორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას დაჰპირდა.

პროექტი ახალგაზრდების მუნიციპალურ საქმიანობაში ჩართულობას და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პირველ ეტაპზე, მონაწილეები, სპეციალურად შექმნილ სასწავლო პროგრამას გაივლიან, შემდეგ კი ადმინისტრაციულ ერთეულებში ანაზღაურებად, პრაქტიკულ საქმიანობას დაიწყებენ.

ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია შესაბამისი ბმული, სადაც დარეგისტრირება 15 მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი.