№25 საბავშვო ბაღის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა

რუსთავში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს.

ძველი, ავარიული №25 საბავშვო ბაღის ადგილზე, სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა – ბაღი ბავშვებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან მიიღებს.

განხორციელებულ სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე კახა გურული და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

ძველი №25 ბაღი, 300 ბავშვზე იყო გათვლილი, ახალ შენობაში, კი ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება და 450 აღსაზრდელის მიღება გახდება შესაძლებელი.

დასრულების ეტაპზეა კიდევ ორი – №11 და №31 სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობაც.

№31 საბავშვო ბაღი, მუშაობას ზაფხულიდან დაიწყებს და ივლისიდან საზაფხულო ბაღის აღსაზრდელებსაც მიიღებს.

რუსთავში 23 საბავშვო ბაღია, აქედან ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აშენდა 8 საბავშვო ბაღი.

მიმდინარე წელს, ქალაქში კიდევ ორი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.