რუსთავში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს

რუსთავში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს – დღეს ტრაგიკული მოვლენიდან 37, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 35 წელი გავიდა.

ღონისძიება დამოუკიდებლობის სკვერში უახლესი ისტორიის ამსახველი ვიდეო კადრების ჩვენებით დაიწყო. ადგილზე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, რუსთაველი ახალგაზრდები და 9 აპრილს განვითარებული პროცესების მონაწილეები იმყოფებოდნენ.

აღევლინა გმირთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი. შესრულდა პატრიოტული სიმღერები.
მოგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ღონისძიების მონაწილეებმა დამოუკიდებლობის სკვერში მდებარე მემორიალი, სიმბოლურად, ტიტებით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს – შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაშავდა. 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.