კლდიაშვილის ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით განახლდა ფალიაშვილის ქუჩაზე და გზის მოწყობის პროცესი კლდიაშვილის ქუჩაზე დაიწყო
. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. კლდიაშვილის ქუჩაზე, 13 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე, გზის სამფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ტროტუარები, სანიაღვრე ქსელი, გარე განათების სისტემა, საგზაო ნიშნები. განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული შუქნიშნების, მწვანე სივრცეების, სასმელი წყლის შადრევნის და მუნიციპალური ტრანსპორტის ოთხი მოსაცდელის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში, ოთხივე ქუჩაზე, გზის საფარი საერთო ჯამში, 33 197 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. სამუშაოების ღირებულება 5 834 439 ლარია და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.








