რუსთავში კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარინა ლიპარტელიანი და მაჟორიტარი დეპუტატი, გრიგოლ ვეფხვაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ტაბაღუასთან ერთად, მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სატენდერო პროცედურების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. ყურადღება გამახვილდა კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობასა და მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებზე.

პროექტის ფარგლებში, სამივე შენობა თბოსაიზოლაციო მასალით შეიფუთება, რეაბილიტირდება ფასადები, შეიცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყობა აივნები დეკორატიული ელემენტებით, გამაგრდება N10 კორპუსის საძირკველი.

3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტი რუსთავის მერიის ინიციატივით ხორციელდება. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია მესხიშვილის N4 და N5 საცხოვრებელ კორპუსებს ჩაუტარდა. შენობების ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისთვის, მოწესრიგდა და შესაბამისი მასალით შეიფუთა ფასადები.