რუსთავში ჭალის ტყის აღდგენის მორიგი ეტაპი დაიწყო

რუსთავში ჭალის ტყის აღდგენის მორიგი ეტაპი დაიწყო – გამწვანების მასშტაბურ აქციაში საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან და მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ.

პროექტი, 320 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივი ტყის აღდგენას ითვალისწინებს – პირველ ეტაპზე ჭალის ტყეში 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარე დაირგვება.

ქალაქის ფილტვებად წოდებული ჭალის ტყე, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებული სივრცეა და რუსთავისთვის უმთავრეს ეკოლოგიურ რესურსს წარმოადგენს. მისი აღდგენა-განაშენიანება ტერიტორიაზე ენდემური ფლორის აღდგენის გარდა საპარკინგე და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რუსთავის ეკოსისტემას.

პროექტი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და გარემოს დაცვის ფონდიდან ფინანსდება.

ეკო პროექტში, რუსთავის მერია, მთელი ქალაქის ჩართვას გეგმავს – მოხალისეობრივ კამპანია „რეფორესტს“ რომელიც რამოდენიმე თვის წინ დაიწყო უკვე 1000-ზე მეტი რუსთაველი მოსწავლე გამოეხმაურა – გამწვანების მასშტაბური ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს დღევანდელი აქციის ფარგლებში სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.